ტიკარაძე: ყველაფერი კეთდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ოკუპაციის რეჟიმისგან თავის დაღწევის გზა გამარტივდეს

323

ჯანდაცვის მინისტრმა, ღრმა მწუხარება გამოთქვა აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ოკუპაციის რეჟიმისგან თავის დაღწევის გზა გაამარტივოს.

„ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, უწევთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და შესაბამისი მომსახურების მიღება, ჩვენ 1 500-მდე ბენეფიციარს გავუწიეთ სხვადასხვა დახმარება ჯანმრთელობის კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები წინა წლებშიც გვქონდა, როდესაც მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებელ ტერიტორიაზე, რეჟიმისთვის თავის დასაღწევად უწევდათ სხვადასხვა გზის მოძებნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, რომ მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და მინიმალურ რისკამდე დავიყვანოთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.