ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩართვაზე და შეიქმნება მაღალი რისკის ადამიანების სია, ვინც ვაქცინაციის მიზნით რეგისტრაციას შეძლებენ.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი სია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე განთავსდება.
„შემდეგ კვირაში განვიხილავთ „სინოფარმის“ გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ეს არის ქრონიკური დაავადების მქონე პირებისთვის მეტად ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის განმავლობაში და შევადგენთ სიას არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გვაქვს. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს იდენტიფიცირებას ყველა იმ ადამიანის, ვისაც მაღალი რისკი აქვს და ეს ადამიანები დარეგისტრირებას შეძლებენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.