კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო

356

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყოველდღიური შრომით, თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტს გააკეთებს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში, ყოველდღიური შრომითა და ზრუნვით უფრო მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის. რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გავუსვა იმ თანადგომასა და მხარდაჭერას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უწმინდესს, საქართველოს პატრიარქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება უსურვა.

„სიხარული, სიყვარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძეს ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა. მან კლინიკა რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, 4 აპრილს დატოვა.