სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ, ექსპლუატაციაში ის შენობა-ნაგებობები შევა, რომელიც 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული

1055

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ, ექსპლუატაციაში ის შენობა-ნაგებობები შევა, რომელიც 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული და მათზე დამტკიცებული პროექტის მიღმა გადაცდომები დაფიქსირდა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო.

„საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ კანონპროექტს დიდი მხარდაჭერა ექნება, იმიტომ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა ელოდება ამ კანონის მიღებას. ასიათასობით ადამიანს აქვს კონკრეტული პრობლემები, ვინც ცხოვრობს სახლებში, კორპუსებში, ეს არის მათი საკუთრება და ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ არის ექსპლუატაციაში შესული. წლების წინ მშენებლობების პარალელურად იყო გადაცდომები, პროექტის მიღმა მოხდა მიშენებები, დაშენებები, შესაბამისად, ამ შენობების ექსპლუატაციაში მიღება ვერ მოხდებოდა. უამრავ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, რომ ის კონკრეტული ფართები, ბინები, არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. საკანონმდებვლო პაკეტი ითვალისწინებს 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობზე დაფიქსირებული დარღვევების პატიებას და მათ საფუძველზე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმებას. შესაბამისად, ამნისტიის შედეგად ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ამასთან, სამშენებლო სექტორის თხოვნით, რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა- ნაგებობების ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას, ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე. პაკეტი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამძიმებას დაუმორჩილებლობაზე.

ჩვენ ამ ამნისტიით ექსპლუატაციაში ვიღებთ ასეთ შენობა- ნაგებობებს იმიტომ, რომ ამის უკან რიგითი თბილისელები და მათი ოჯახები დგანან. ეს რომ სამომავლოდ არ განმეორდეს, გვინდა ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ, თუ არ მოხდება გამოსწორება და იქნება დაუმორჩილებლობა, პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი კუთხით დამძიმდეს, რაც აგვარიდებს იმ პრობლემებს, რასაც რამდენიმე ათეული წელია ვებრძვით და არსებობდა. შედეგად კი მივიღეთ მახინჯი შენობა -ნაგებობები, რომელიც ქალაქის სხვადასხვა რაიონში არსებობს“, – განაცხადა კალაძემ