დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 მაისიდან ამოქმედდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საბურთალოს რაიონში უკვე ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოსახლეობას პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია.
„1 აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირზე და ქავთარაძის ქუჩაზე. მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში. ასევე, დაეხმარება იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იქ, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს, ავტომობილის გაჩერება არის უფასო. ასევე უფასო ელექტრომობილებისთვის, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღლებისა და შშმ პირთათვის.
1 მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ- საათობრივი პარკირება და საფასური იქნება 1 საათი – 1 ლარი.
ზოგადად ზონალურ-საათობრივი პარკირების წესის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სისტემა წარმატებით მიმდინარეობს იმ ქუჩებზე, სადაც უკვე განხორციელდა. მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება ამ პროექტის დანერგვა“,- განაცხადა კალაძემ.