ცენტრალური სტადიონის დაბრუნებისთვის გორის მერიას სასამართლოში უჩივლეს

620

შპს გრანდ ემსა და გორის მერიას შორის სასამართლო დავა დასრულდა, გადაწყვეტილება 28 აპრილს გამოცხადდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საქმე ეხება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს, რომელიც შპს-ს დირექტორის, მიხეილ ლურსმანაშვილის თქმით, 2010 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა.

ამჟამად სასამართლოში მოპასუხე მხარე, როგორც სამართალმემკვიდრე გორის მერიაა. უწყებას პირდაპირი შესყიდვის წესით, იურიდიული მომსახურების შეძენა სურს, რისთვისაც 4900 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია  მომსახურების ღირებულება აანაზღაუროს შპს “გრანდ ემ”-ის სარჩელის საფუძველზე, ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის და საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ დავის ფარგლებში წარმოებულ საქმეზე, მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის დღიდან 10 სამუშაო დღეში. შესყიდვის პირობების თანახმად, კეთილსინდისიერი მომსახურების პირობებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არაა დამოკიდებული საქმის შედეგზე და მიუხედავად შემსყიდველისათვის არასასურველი გადაწყვეტილების გამოტანისა, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელს სრულად გადაუხადოს შეთანხმებული თანხა.

“6 წელია სასამართლო დავა მიდის, ეს სტადიონი მე მეკუთვნის და ვდაობ რომ დამიბრუნდეს. 2010 წელს, წამართვა სახელმწიფომ. არ ვიცი გორის მერიას რა მოლოდინები აქვს რომ წინასწარ იურიდიული მომსახურების შესყიდვა სურს ზემდგომი ინსტანციებისთვის, სასამართლომ გადაწყვეტილება 28 აპრილს უნდა გამოაცხადოს”,-უთხრა რადიო “მოზაიკას” მიხეილ ლურსმანაშვილმა.