საქართველოს მთავრობის მომდევნო 10-წლიანი სტრატეგია 2021 წლის 31 მაისს უკვე მზად უნდა იყოს. ამის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში არის საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, “ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო” შეიქმნა, რომელიც მთავრობის სრული შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. ამავე საბჭოს წევრები იქნებიან სებ-ის პრეზიდენტი, თბილისის მერი და ავტონომიური ერთეულების თავმჯდომარეები.
“განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი”, – ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოს 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს წარდგენილი ერთ-ერთი ინიციატივაა. ეს მისი პრემიერ-მინისტრობის მეორე სტრატეგიული დოკუმენტია. პირველი დოკუმენტი – სტრატეგია “საქართველო 2020” 2014 წლის ზაფხულში დამტკიცდა. იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ წინა სტრატეგიის შექმნაზე დიდი დრო და რესურსები დახარჯა, მისი ეკონომიკური თავი მიღებიდან რამდენიმე თვეში არარელევანტური აღმოჩნდა, რადგანც 2014 წლის ბოლოს ლარის გაუფასურება დაიწყო, რის შედეგადაც ეროვნულმა ვალუტამ ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა, ასევე დაიწყო რეგიონული ეკონომიკური კრიზისი, რამაც 2015-2016 წლებში საქართველოს განვითარება შეანელა. შედეგად, “საქართველო 2020”-ის სტრატეგიული სამიზნე საქართველოს 2020 წლისთვის მშპ-ის 40%-ზე ნაკლები ვალი ჰქონოდა მიუღწეველი აღმოჩნდა. ასევე მიუღწეველი აღმოჩნდა ამ სტრატეგიული დოკუმენტის სხვა არაერთი პუნქტიც.