სიღნაღის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 27 მილიონი ლარი იხარჯება

385

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 27 მილიონი ლარით აფინანსებს.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, დაახლოებით 315 კილომეტრი ქსელი მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 14 რეზერვუარს. გარდა ამისა, აშენდება ახალი რეზერვუარები, ასევე გაკეთდება 18 ჭაბურღილი. სოფლები – ანაგა ,ვაქირი, საქობო, ბოდბისხევი, ტიბაანი, ჯუგაანი, ქვემო ბოდბე, ქვემო მაღარო, ამ პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებს 24 საათიან, მაღალი სტანდარტით დამუშავებულ წყალს“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელისა და ჭაბურღილების მოწყობას. ასევე, აშენდება ახალი რეზერვუარები, წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატორო.

ამასთან, სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლების – ანაგის, ვაქირის, საქობოს, ბოდბისხევის, ტიბაანის, ჯუგაანის, ქვემო ბოდბისა და ქვემო მაღაროს მოსახლეობა, რომელიც რამდენიმე ათეული წელი გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად – 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.