გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 984 994 ლარია, ხოლო სამუშაოები 6 თვეში დასრულდება.
“სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე გრძელდება, 536 მეტრია. რეაბილიტირებული ნაწილის მსგავსად, ქუჩის აღნიშნული მონაკვეთიც მდინარე მეჯუდას სანაპიროს მიუყვება.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება გზის როგორც საავტომობილო ,ასევე საფეხმავლო ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც”, – განმარტავენ მერიაში.
ასევე, იგეგმება სკვერის, გარეგანათების, მოაჯირის მოწყობა და დეკორატიული სკამების დადგმა.
მათივე ცნობით, გოგებაშვილი ქუჩის პირველი მონაკვეთის (26 მაისის სანაპიროდან კახნიაშვილის ქუჩამდე), 2018 წელს რეაბილიტირდა. გარდა იმისა, რომ საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა, ქუჩის სატრანსპორტო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაცია განხორციელდა, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. სამუშაოების ღირებულებამ 1 135 236 ლარი შეადგინა.
ქუჩის ორივე ნაწილის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით დაიგეგმა.