ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული, რათა ინფიცირების რაოდენობის მატების შემთხვევაში, სამედიცინო ქსელი მზად იყოს. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 1685 პაციენტი რჩება კლინიკაში, რომელთაგან 67 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.
ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საყურადღებო რჩება ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელიც.
„ახალდადასტურებული შემთხვევა 24 საათის განმავლობაში არის 529 შემთხვევა ანუ შემთხვევების რაოდენობა საყურადღებო რჩება. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის 1,8%, 7-დღიანი დადებითობის საშუალო მაჩვენებელი არის 1,73% – ესეც გარკვეულწილად იმატებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ტესტრების პროგრამის აქტიური გაგრძელება, 24 ათასი ტესტი იყო ჩატარებული გასული 24 საათის განმავლობაში და უკვე იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად შეინიშნება შემთხვევების მატება, დაიწყო აქტიური ტესტირების, უფრო ლოკალიზებული ტესტირების პროგრამა, გურიაში არის უკვე აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობა. რაც შეეხება სტაციონარებს, 1685 პაციენტი იმყოფება კლინიკებში ამ დილის მდგომარეობით, აქედან 325 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 67 – არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმისთვის, რომ შემთხვევების მატება თუ იქნება, სამედიცინო ქსელი იყოს მზად,“- განაცხადა გაბუნიამ.