ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ორი კვირით შეჩერდა და დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კორონავირუსის გახშირებული შემთხვევებია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, აღნიშნულ სოფლებში მასიური ტესტირება დაიწყო.
„რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ესენია: ნიგოითის, ჩოჩხათის, ნიგზიანის ადმინისტრაციული ერთეული და ასევე სოფელი წყალწმინდა. აღნიშნულ თემებში დავიწყეთ მასიური ტესტირება, რათა უფრო მეტად გამოვლინდეს ინფიცირებული პირები. შესაბამისი ჯგუფები უკვე გავიდნენ სოფლებში,“- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ალექსანდრე სარიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით, სოფელ შრომაში, როგორც სკოლაში, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ორი კვირით ონლაინ რეჟიმზე გადავიდა . მისივე თქმით, სოფელ შრომის მოსახლეობის მასიური ტესტირება დაიწყო.