რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაო რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14.7 მონაკვეთებზე მიმდინარეობს.
მათი ინფორმაციით, შორაპანი-არგვეთას გზის მშენებლობა წელს დაიწყო.
“ზოგადად, 2021 წელი, რიკოთის გზის მშენებლობაში გარდამტეხი იქნება პროგრესის კუთხით. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაო, ჯამში 62 ხიდსა და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 6 გვირაბი უკვე გაჭრილია. სამუშაო ასევე მიმდინარეობს რიკოთის არსებული საუღელეტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.
რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლისთვის.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება“ ,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.