საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 აპრილის ჩათვლით, ქობულეთის შემოვლით, და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზებზე ზღუდარების მოწყობის სამუშაოების გამო, გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება. მათი განმარტებით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
„იმერეთის და აჭარის რეგიონში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ10-კმ13 და კმ31 მონაკვეთებზე, ცხოველების დამცავი ლითონის მესრის (ღობის) მოწყობის სამუშაოები ტარდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ11-კმ65,3 მონაკვეთზე, ზღუდარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, ზემოთ აღნიშნულ საავტომობილო გზებზე, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების ვადად 2021 წლის 31 მარტი იყო განსაზღვრული. თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო, ამ ვადაში სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საჭიროა მისი გაგრძელება 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.