ეკონომიკის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს აუქციონზე გაყიდის

3237

ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების აუქციონის წესით გაყიდვას იწყებს. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ პრეზენტაციაზე – “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” – გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე 50 სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გამოაცხადებს აუქციონს.

მთლიანობაში მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, რომელიც აუქციონზე გავა, 706 ჰექტარია. როგორც ეკონიმიკის მინისტრმა თქვა, გასაყიდად გამოიტანენ 1 ჰექტრიანი ნაკვეთიდან დაწყებული, დამთავრებული 100 ჰა-ზე მეტი ნაკვეთით. ობიექტების ჯამური საწყისი საპრივატიზებო თანხა 19 374 500 ლარია, მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამური ოდენობა კი, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 1 800 000 ლარს წარმოადგენს. ამასთან, უწყების განმარტებით, იმისთვის რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ იყოს მხოლოდ კაპიტალდაბანდება, არამედ განხორციელდეს ინვესტიცია და შეიქმნას სამუშაო ადგილები, ამისათვის 3 ჰექტარზე დიდ მიწებს საინვესტიციო ვალდებულება მოყვება. კერძოდ, მათ, ვინც 3 ჰა-ზე მეტ მიწის ნაკვეთს შეიძენს, 1 ჰექტარზე 3 ათასიდან 5 ათას ლარამდე საინვესტიციო ვალდებულების აღება მოუწევს.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ რეგიონში რამდენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გავა აუქციონზე, ინფორმაცია ასეთია:

კახეთში აუქციონზე გავა 14 მიწის ნაკვეთი;

ქვემო ქართლში – 10 მიწის ნაკვეთი;

მცხეთა-მთიანეთში – 5 მიწის ნაკვეთი;

შიდა ქართლში – 9 მიწის ნაკვეთი;

იმერეთში – 4 მიწის ნაკვეთი;

სამეგრელოში – 7 მიწის ნაკვეთი;

გურიაში – 1 მიწის ნაკვეთი.

ამ ეტაპზე აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არც ერთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე არ გააქვს.

რაც შეეხება იმას, თუ ვის არ შეუძლია, კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენა, ჩამონათვალი ასეთია: უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს, არარეზიდენტ იურიდიულ პირს და რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქე ან/და არარეზიდენტი იურიდიული პირი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა ამ დრომდე, პრაქტიკულად, შეჩერებული იყო. ამ საკითხზე მორატორიუმი 2013 წელს დაწესდა, როდესაც მოქალაქეების ნაწილმა მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება გააპროტესტა. მაშინ ხელისუფლებამ თქვა, რომ აღნიშნულ საკითხს კანონით დაარეგულირებდა, მანამდე კი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე მორატორიუმს დააწესებდა.

“მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ აქ უფრო იჯარებს ვანიჭებდით უპირატესობას, იმიტომ, რომ კანონმდებლობა ბოლომდე არ იყო დახვეწილი და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები ბოლომდე არ იყო დაცული. დღეს ჩვენ შეგვიძლია, გამოვიტანოთ სასოფლო-სამეურნეო მიწა კერძო საკუთრებაში გადასაცემად და გასაყიდად აუქციონის გზით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს ფერმერული მეურნეობა და ფერმერმა, მესაკუთრემ, შეძლოს, რომ მოიზიდოს დამატებითი დაფინანსება, მათ შორის, საბანკო დაფინანსება, რის საშუალებასაც კერძო საკუთრება იძლევა; მიიღოს მონაწილეობა უფრო თამამად ჩვენს მხარდამჭერ პროგრამებში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით არსებულ პროგრამებში”, – განაცხადა დღევენდელ პრეზენტაციისას ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.