დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან საყურადღებოა.
“ეპიდსიტუაცია, სამწუხაროდ, უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა იმ მაჩვენებელზე, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, მცირედ, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ”, — თქვა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თუ არ გამკაცრდა პირბადის ტარებაზე, დისტანციის დაცვასა და თავშეყრაზე ზედამხედველობა, მოხდება ის, რაც აგვისტოში, როცა “დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე”, რადგან ნოემბერთან შედარებით თითქმის ათჯერადი კლებაა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საუბარია არა რეგულაციების დამატებაზე, არამედ არსებული შეზღუდვების ზედამხედველობაზე.
“ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე, განმეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში”, — აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სხდომაზე დააყენა საკითხი ძლიერი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მედიასა თუ ბილბორდზე უნდა იყოს მოწოდება რეკომენდაციების დაცვისა და აცრისკენ.
30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 298, ხოლო გარდაიცვალა — 8 ადამიანი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,19, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 1,69, ხოლო 7 დღის — 1,6.