საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „მშენებლობის ამნისტიის” შესახებ, კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხევდრაში კანონპროექტის ავტორებთან ერთად, თბილისის მერიის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ბიზნესისთვის, მეორე მხრივ კი იმისთვის, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა სახელმწიფომ და ბიზნესმა. ვფიქრობთ, ეს საკანონმდებლო ინიციატივა მეტ-ნაკლებად, ყველა პოზიციის შეჯერებით გვაქვს წამოყენებული და კანონპროექტად ქცეული, თუმცა ვიცით ისიც, რომ გარკვეული შენიშვნები ჯერ კიდევ რჩება. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ სწორედ იმ შენიშვნებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებისას პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა დავითულიანმა.
შეხვედრაზე ასოციაციისა და კერძო სექტორის იმ შენიშვნებზე, მოსაზრებებზე და რეგულაციების დახვეწაზე იმსჯელეს, რომელიც დედაქალაქში წლების განმავლობაში, მშენებლობებთან დაკავშირებით დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამშენებლო ბაზრის მოწესრიგებისთვის. ათასობით ოჯახს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ თავისი აქტივი განკარგოს საკუთარი ნება-სურვილისამებრ. შეხვედრაზე საუბარი იყო ტექნიკურ დეტალებზე, თუ როგორ უფრო ეფექტურად აღსრულდებოდა იმგვარად, რომ არ შექმნოდათ პრობლემა არც დეველოპერებს ამნისტიის ნაწილში და მომავალში არც მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში. შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე. დარჩა ერთი-ორი შეუჯერებელი საკითხი, რომელზეც მსჯელობა კვლავ გაგრძელდება. ვფიქრობ, კანონპროექტთა ეს პაკეტი მისაღები იქნება ყველასთვის, მოსახლეობისთვისაც, ბიზნეს სექტორისთვისაც და საჯარო ინტერესებისთვისაც”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, კანონპროექტის ინიცირება არის მნიშვნელოვანი და დროული. იგი მიესალმება საკითხთან დაკავშირებით ფართო დისკუსიის გამართვას.
„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ წლების განმავლობაში, სამშენებლო სექტორში დაგროვდა უზარმაზარი პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მივიღოთ შეიძლება ნიშნავდეს ვიღაცისთვის პოზიტიურ, ვიღაცისთვის კი დამატებითი სირთულის შექმნას. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რომ ერთი მხრივ, მოვაწესრიგოთ ის ქაოსი, რომელიც გვაქვს და მეორე მხრივ, დამატებითი სირთულეები არ შეექმნათ კეთილსინდისიერ დეველოპერებს. ეს არის ამოსავალი ყველა ჩვენგანისთვის. ყველა ის შენიშვნა და მოსაზრება, რაც ჩვენ გავუზიარეთ პროექტის ინიციატორებს კეთილსინდისიერი დეველოპერების დაცვას ეფუძნება. ეს მუშა პროცესი კონკრეტულ შედეგებამდე მივა ისე, რომ ქაოსიც მოწესრიგდეს და არ დაზარალდნენ ის კომპანიები, ვისაც თავის დროზე, ამ ქაოსში არ მიუღია მონაწილეობა”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ამის შესახებ ინფორმაციას, პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.