გაბუნია: ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აქტიურად დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება დამატებითი ზომა, ეს ნაბიჯებიც არ დააყოვნებს

412

ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აქტიურად დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება დამატებითი ზომა, ეს ნაბიჯებიც არ დააყოვნებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, დაფიქსირდა 171 ახალი შემთხვევა, თუმცა ეს შაბათ-კვირის ეფექტია.

„ჩატარდა 15 ათასი ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ასევე შვიდ დღეში ორ პროცენტზე დაბალი რჩება, თუმცა გასული კვირის ბოლოს ვნახეთ შემთხვევების მატება 400-დან 500-ის ფარგლებში, რაც საყურადღებოა, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, საჭიროა, მოქალაქეებმა არსებული რეგულაციები დაიცვან.

„იმისთვის, რომ არ მივიღოთ შემთხვევების შემდგომი გავრცელების ესკალაცია, დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი გახლავთ პირბადის გამოყენება, ხელების ჰიგიენა და დისტანციის დაცვა. ამ წესებითა და აქტიური ტესტირების პროგრამით, ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება შემთხვევათა მატებაზე რეაგირება დროულად მოხდეს. ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აქტიურად დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება რაიმე დამატებითი ზომა, ეს ნაბიჯებიც არ დააყოვნებს“, – განაცხადა გაბუნიამ.