წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ახალი სკოლის მშენებლობა მაისში დასრულდება. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება.
ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება და 240 მოსწავლეზეა გათვლილი. მათივე ცნობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, უკვე გამოცხადდა ტენდერი აღნიშნულ სკოლასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციოდ.
“ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება სკოლის გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დავიწყოთ. ამჯერად მშენებლობის მიმდინარეობა დავათვლიერეთ, რომ შესაბამისად – დათქმულ ვადებში დაიგეგმოს გზის სამუშაოებიც“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გეგუთის გარდა ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ ჩუნეშშიც მიმდინარეობს.