გორში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდა

495

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მიუსაფარი ცხოველების ზრუნვის პოპულარიზაციისა და ინტერმუნიციპალური სააგენტოს დაფუძნების შესახებ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე რეგიონში მიუსაფარი ცხოველებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სააგენტოს დაფუძნებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

“გორში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდა, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ და კარანტინის შენობებს, ვეტერინარულ კლინიკას, ლაბორატორიას, ვოლირებსა და ყველა სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურას. სამომავლოდ, თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

თავშესაფარი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა.

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.