ალეკო ელისაშვილი: ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა

647

ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა, – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი ეკოლოგიური პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ჰაერის დაბინძურებისა და ეკოლოგიური პრობლემების კუთხით მოწინავე ქვეყანაა, რაც გარკვეულწილად გასული 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიების, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” ”დამსახურებაა”.

”ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ ცუდი სტატისტიკის კუთხით მოწინავე ქვეყანა ვართ. გვერდს ვერ ავუვლით ორი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნას, რომელთა დამსახურებაცაა ასეთი კატასტროფული მდგომარეობა. დღესაც კი იჩეხება ხეები.

90 პროცენტით ჰაერი გამონაბოლქვით ბინძურდება. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო, რომელიც გაუმართავია, 3-ჯერ არის გოგირდის დიოქსიდის ნორმა გაზრდილი. ამის გამო კატასტროფულად არის გახშირებული სიმსივნური დაავადებები. მტვერთან და გამონაბოლქვთან ბრძოლისთვის აუცილებელია გამართული ტრანსპორტი დადიოდეს ქალაქში.

სიმწვანეს რაც შეეხება – სიმწვანე ერთ სულ მოსახლეზე კვადრატული მეტრობით ითვლება და არა ცალობით. ეს სისულელეა. თბილისში 80-იან წლებში 12 კვადრატული იყო ერთ სულ მოსახლეზე. დღეს ეს მაჩვენებელი სამ კვადრატულზე ნაკლებია”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი