გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიის გასხვისების საკითხზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საკრებულომ მერიას უფლება მისცა ტერიტორია აუქციონის წესით გაასხვისოს.
“ლელოს” წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა პაპუნა კობერიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
მისი თქმით, აღნიშნული შენობის რეაბილიტაციისა და შემდეგ ობიექტის დაცვისთვის ბიუჯეტიდან გაღებული თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა, ახლა კი ხელისუფლება ობიექტის გასხვისების გადაწყვეტილებას იღებს.
“მე არ მივიღე მონაწილება როდესაც ამ საკითხს კენჭი უყარეს. მილიონ ლარამდე შენობის რეაბილიტაციისთვისაა თავის დროზე დახარჯული, ცალკე ობიექტის დაცვაშია ბიუჯეტიდან თანხები გამოყოფილი, ახლა კი ამ ტერიტორიას ასხვისებენ. ვინ იქნება ახალი მფლობელი და რა გარიგებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ეს კიდევ ცალკე საკითხია და განცხადების გაკეთება ამაზე ჯერ ადრეა”, – ამბობს პაპუნა კობერიძე.