„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევა იგეგმება

691

შემდეგი სტატია

“ქართული ოცნების“ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება.

კონსტიტუციური პროექტით, ერთი მხრივ, საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე მცირდება. მეორე მხრივ კი, ფრაქციის დაკომპლექტების წესი იცვლება. კერძოდ, ფრაქციის შექმნა შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხ დეპუტატს შეეძლება.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულ ოცნებასა” და „მოქალაქეებს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა. ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს, 13:00 საათზე ჩანიშნულია შალვა პაპუაშვილისა და ლევან იოსელიანის პრესკონფერენცია.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ახორციელებს.

რაც შეეხება კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირებას, აღნიშნული პროცედურის დაწყებას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა ჰყოფნის.