ვენეციის კომისია: პარტიებისთვის 6 თვით  დაფინანსების შეწყვეტა, თუ ისინი პარლამენტის სხდომების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება

569

წინა სტატია

პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე ნათლად და დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ვენევიის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება.

როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს. როგორც კომისია აღნიშნავს, ეს შემოთავაზება, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთანაც, რომელიც დეპუტატების ანაზღაურების აუცილებლობას ადგენს.

„საბოლოოდ, ჩამოთვლილი შესწორებების შედეგად, საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თანასწორუფლებიანობას დაარღვევს – მათთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმით, თუ ისინი სახელმწიფო დაფინანსებას არ მიიღებენ. ამ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა არაპროპორციული და უსაფუძვლოა, რადგან ზუსტად იმ პარტიებს სჭირდებათ უფასო საეთერო დრო (თავიანთი ხმისა და პროგრამის ამომრჩევლებამდე მიწვდენისათვის), რომლებსაც ნაკლები დაფინანსება აქვთ“, – აღნიშნულია დასკვნაში.

როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, უფასო საეთერო დროზე უარის თქმა იმ ინფორმაციაზე წვდომას შეზღუდავს, რომელიც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის სჭირდებათ. ამას გარდა, კომისია დასძენს, რომ მიზნის მიღწევისათვის უფრო პროპორციული გზებიც არსებობს, მაგალითად, მათი ქმედებების გამო ინდივიდუალური დეპუტატების შედეგის წინაშე დაყენება.

„პოლიტიკური პრულარიზმისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი გასცემენ ერთ მთავარ რეკომანდაციას – შემოთავაზებული შესწორების მიღების საკითხი გადაიხედოს“, – აღნიშნულია დასკვნაში.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა იმ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას/გაუქმებას ითვალისწინებს, რომელებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ აითვისებენ.