“სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს”, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მეწყრულ ფერდობზე საუბრისას.
კალაძე ამბობს იმასაც, რომ მეწყერსაშიშ ზონაზე დეზინფორმაცია ვრცელდება და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ ფაქტები გადაამოწმონ.
“სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განამვლობაში კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა, რაც ძალიან ცუდია. კიდევ ერთხლე მინდა მოვუწოდო ამ მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციისგან”, — განაცხადა მან.
ასევე, ის აღნიშნავს, რომ მერიას ინფორმაცია არ დაუმალავს და ატვირთული ჰქონდათ ოფიციალურ ვებგვერდზე.
“ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს დედაქალაქში. ეს არ ეხება მხოლოდ ვაშლიჯვრის ტერიტორიას. სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს კიდევ მეწყრულად საშიში ადგილები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ოფიციალურად გამოქვეყნებულია და ინფორმაცია მითითებულია”, — თქვა კალაძემ.