კალაძე: მეწყრულ ფერდობთან მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება, სხვა ზომები კვირის ბოლოს დაკონკრეტდება

587

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყრულ ფერდობთან სპეციალური მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება. მისივე თქმით, გერმანელი ექსპერტები სთავაზობენ სადრენაჟო და გამაგრების სამუშოების განხორციელებას და მისაღები ზომები უფრო მეტად კვირის ბოლოსკენ დაკონკრეტდება, როცა კვლევის პირველადი მონაცემები იქნება.

“მონიტორინგის სისტემა მოგვცემს საშუალებას, რომ არ გამოგვრჩეს არავითაცი ცვლილება იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, — განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის კვლევა და პროექტირება და სამუშაო ჯგუფები გერმანელ სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ.

კალაძე ამბობს იმასაც, რომ მეწყერსაშიშ ზონაზე დეზინფორმაცია ვრცელდება და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ ფაქტები გადაამოწმონ.

“სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განამვლობაში კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა, რაც ძალიან ცუდია. კიდევ ერთხლე მინდა მოვუწოდო ამ მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციისგან”, — განაცხადა მან.

ასევე, ის აღნიშნავს, რომ მერიას ინფორმაცია არ დაუმალავს და ატვირთული ჰქონდათ ოფიციალურ ვებგვერდზე.

“ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს დედაქალაქში. ეს არ ეხება მხოლოდ ვაშლიჯვრის ტერიტორიას. სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს კიდევ მეწყრულად საშიში ადგილები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ოფიციალურად გამოქვეყნებულია და ინფორმაცია მითითებულია”, — თქვა მან.

მისი განცხადებით, მეწყრული ფერდის შესწავლის პროცესში თავიდანვე ჩართეს ექსპერტები გარემოს ეროვნული სააგენტოდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, ასევე, დარგის სხვადასხვა სპეციალისტები.

“მე ვიცი, რომ არის კიდევ გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ზოგადად მეწყრულ ადგილებს სწავლობს დედაქალაქში და ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ. შესაბამისად, მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ ამ სამუშაო ჯგუფში. ისინი ცუდს არაფერს არ გააკეთებენ, პირიქით, უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან და ერთობლივი ძალებით მოვაწესრიგოთ და რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა”, — თქვა მან.