მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა გორის მერიას სასამართლო დავა მოუგო

501

გორის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ლექსო ვალიაურმა გორის მერიას სასამართლო დავა ბოლო ინსტანციაშიც მოუგო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვალიაურს 48 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

“უზენაესმა სასამართლომ გორის მერიას 48 000 ლარის გადახდა დააკისრა. დანარჩენ დეტალებზე ხვალ იქნება ბრიფინგი, სადაც ყველა კითხვას ჩემი იურისტები უპასუხებენ”, – გვითხრა ლექსო ვალიაურმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სასამართლო დავა “ლექსო ვალიაური – გორის მერის წინააღმდეგ” 6 წელი გაგრძელდა. ლექსო ვალიაურმა სასამართლო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ გორის ყოფილმა მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.  ვალიაური ფიქრობდა, რომ ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშრდებოდა – ის “რესპუბლიკური პარტიის” წევრია. ვალიაურის ინტერესების დამცველი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო დავა გორის მერიის გასაჩივრებების გამო გაჭიანურდა – ვალიაური საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს, თუმცა გორის მერიამ ორივე ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამჯერად, უწყებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება აღარ შეუძლია.