გორის მერიას ერთ-ერთი ქუჩისთვის დათა ვანიშვილის სახელის მინიჭებას სთხოვენ

695

ევროპელ ინიციატორთა ასოციაციისა და ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ დათა ვანიშვილის (დათა პაპას) ხსოვნისა და საქართველოს წინაშე მისი დამსახურების აღსანიშნავად, ქალაქ გორში ერთ-ერთ ქუჩას დათა ვანიშვილის სახელი ეწოდოს.

ასევე, სოფელ დიდ ხურვალეთში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს დათა ვანიშვილის სახელი, ხოლო ქალაქ გორში, სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეირჩეს ადგილი, სადაც მომავალში აღიმართება ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი.

დათა ვანიშვილი 2021 წლის 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან და მისმა მეუღლემ, საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ მიატოვეს მას შემდეგ, რაც მისი სახლის სიახლოვეს მავთულხლართები გააბეს. დათა ვანიშვილი 12 წლის მანძილზე ცდილობდა არ დაეტოვებინა სახლი.