დედოფლისწყაროს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ბიუჯეტიდან 92 900 ლარი დაუსაბუთებლად დაიხარჯა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ცნობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს 2018-2019 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ სულ 92.9 ათას ლარი. საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად 375 ლარი.
“„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მუნიციპალიტეტს არ წარმოუდგენია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე კანონმდებლობის დარღვევით ანაზღაურებული ხარჯების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. მიუხედავად აღნიშნულისა, აუდიტის ინფორმაციით, არსებული პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
აუდიტის დასკვნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 92.9 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.