თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, იმ მეწყერულ ზონაში, სადაც მიწაზე ნაპრალები გაჩნდა და მის ქვევითაც დასახლებული ადგილი არ არის, შესაბამისად ეს მასა, რომ უეცრად ჩამოიშალოს, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.
“ამ მეწყერულ ზონაში და მის ქვევითაც დასახლებული ადგილი არ არის, შესაბამისად უეცრადაც რომ მოხდეს ამ მასის ჩამოშლა, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის. სხვათა შორის, შეგნებულად არ დავასახელებ ტელევიზიას, გუშინ მე თვითონ ვუყურე და გაავრცელეს, რომ ამ მეწყერის მოწყვეტის შემთხვევაში ორთაჭალიდან გლდანამდე თბილისი დაიფარებოდა 1 მეტრის სიმაღლის მიწით, ეს არის მიზანმიმართული, რომ მოსახლეობაში დაითესოს პანიკა. რა კვლევებზე დაყრდნობით ამბობენ, მოსახლეობას ეგ სჭირდება ახლა, ტელევიზიებიდან ეგ ინფორმაცია გავრცელდეს, რომ თბილისი დაიფარება 1 მეტრის სიმაღლის მიწით?”, — განაცხადა ბენდელიანმა.
ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მეწყერზე 17 მარტს ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში მეორადი გენერაციის მეწყერი განვითარდა. კალაძის განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდა.