გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი უნდა შეისწავლონ, თბილისში არიან. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ისინი კვლევით სამუშაოებში დღესვე ჩაერთვებიან.
საქმე ისაა, რომ ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე 16 მარტიდან საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია. მერიის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს უკავშირდება. უკვე არსებობს ფოტო და ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ ფერდობზე მიწა ორად არის გაყოფილი.
მერიაში ამბობენ, რომ მეწყერული პროცესების გააქტიურება წლების განმავლობაში ამ მონაკვეთზე წარმოებული პროექტების შედეგია, რასაც თან ბუნებრივი ფაქტორებიც დაერთო.
„ეს რაიმე კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა, ეს წლების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოების და ასევე ბუნებრივი ფაქტორების შედეგია. მეწყერული პროცესები რამდენიმე დღეა გააქტიურდა და ჩვენ ფორსმაჟორულ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვხსნათ“, – აცხადებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.