ქადაგიშვილი: მიწის ფართობების ათვისების მიმართულებით სახელმწიფომ წინმსწრები ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ აქაც, როგორც კი მსხვილი ინვესტორი გამოჩნდება, მოსახლეობის წინააღმდეგობა იწყება

701

სოფლის მეურნეობა არის სხვა, ხოლო სოფლად ცხოვრება და სოფლის მოსახლეობა – სხვა ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყნებში, უშუალოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის წილი დაბალია, მაქსიმუმ 5%-6%, – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქაგადიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, როგორც კი მსხვილი ინვესტორი გამოჩნდება სახელმწიფო მიწის ათვისებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის წინააღმდეგობა იწყება.

“საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვართ სეგმენტირებული მიწის პირობებში, როცა ძირითადი მფლობელობა ჰექტარი-ჰექტარნახევარი მიწაა. ეს არარენტაბელურია თანამედროვე, ინტენსიური სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის. დღესდღეობით მიწის ნაკვეთების გამსხვილება წარმოუდგენელია, რადგან რთულია ადამიანს მოსთხოვო, მიწა კოოპერაციაში გააერთიანოს. ადამიანები ამაზე არ მიდიან. რაც შეეხება მიწის ფართობების ათვისებას, ამ მიმართულებით სახელმწიფომ წინმსწრები ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ აქაც მოსახლეობის წინააღმდეგობას ვაწყდებით, რადგან როგორც კი მსხვილი ინვესტორი გამოჩნდება სახელმწიფო მიწის ათვისებასთან დაკავშირებით, იწყება მოსახლეობის წინააღმდეგობა, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტური მიზეზებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.