წყალმომარაგება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მაგალითად, 2021 წელს 348 მილიონი ლარია განსაზღვრული ბიუჯეტით სწორედ წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, 2012 წელს ამ მიმართულებით 34 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული.
“ჯამურად 2 მილიარდ 600 მილიონის პროექტების განხორციელება მიმდინარეობს ამ პერიოდში. მათგან დიდი ნაწილი დასრულებულია, დიდი ნაწილი კი – დასრულების პროცესშია. ამ პროექტების რიცხვშია მაგალითად ქუთაისის, ზუგდიდისა და ჭიათურის 24-საათიანი წყალმომარაგება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, პროექტები 150 დასახლებულ ადგილზე მიმდინარეობს, რის შედეგადაც დაახლოებით 360 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება. „აქედან 220 000 ადამიანს არასდროს არ ჰქონია წყლის სისტემური მიწოდება“- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.