დავითაშვილი: ყოველ წელს ვაუმჯობესებთ აგროდაზღვევის პროგრამას და დღეს, ძალიან ახლოს ვართ საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან

456

ყოველ წელს ვაუმჯობესებთ აგროდაზღვევის პროგრამას და დღეს, ძალიან ახლოს ვართ საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობაზე პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა

„სისტემურ რეფორმებში არ შეიძლება არ აღინიშნოს აგროდაზღვევის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, იცით, რომ ოთხი ძირითადი სტიქიური მოვლენისგან არის დაზღვეული მოსავალი. პროგრამა არ ფარავს ყველაფერს, თუმცა, სამინისტროს მომზადებული აქვს აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რაიმე წარმატებული, კონკრეტული ერთი ქვეყნის მაგალითი, რომელიც შეიძლება აიღოს ვინმემ და გაიმეოროს, არ არსებობს. ჩვენ, წლების განმავლობაში, გავაკეთეთ დეტალური შესწავლა. ყოველ წელს ვაუმჯობესებთ აგროდაზღვევის პროგრამას და დღეს ძალიან ახლოს ვართ საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან, რომელიც წარმატებულ ქვეყნებშია, ისეთები როგორიც არის ესპანეთი, თურქეთი და ასე შემდეგ.

აგროდაზღვევის ქართული მოდელი წარმატებულია, თუმცა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწას. ამ კუთხით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. შესაძლებლობები, რომელიც კერძო კომპანიებს აქვს, გასავითარებელია და, რა თქმა უნდა, მოსამზადებელია შესაბამისი კადრები, ახალი სისტემებია შესაქმნელი და ეს ყველაფერი ჩვენ ახალ სტრატეგიაში გვაქვს ასახული, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გვექნება კერძო სადაზღვეოებთან, მარეგულირებელთან და სადაზღვევო ასოციაციასთან ერთად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.