ტაქსის მძღოლებსა და გორის მერიას შორის შეთანხმება შედგა

494

გორის მერს ტაქსის კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ და მძღოლების პროტესტის შესახებ დეტალები გააცნეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები თამარ მეფის ქუჩაზე გაჩერების ამკრძალავი ნიშნის მოხსნას ითხოვენ, თუმცა, ამჯერად ცნობილი გახდა, რომ საგზაო ნიშანი დარჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ტაქსისთვის გარკვეული ფართი გამოიყოფა.

მძღოლები ამბობენ, რომ 75 ტაქსს აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსება გაუჭირდება, თუმცა, შეეცდებიან მერიის შეთავაზება გაითვალისწინონ და თამარ მეფის ქუჩაზე ამკრძალავი ნიშნის მიმდებარედ მონაცვლეობით გაჩერდნენ.

“შეთანხმების მიხედვით, იმ ადგილას კონკრეტული ადგილი გამოიყოფა და იქ დადგებიან ტაქსები”, – აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, გორში, თამარ მეფის ქუჩა #45 ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლებს, მანქანით დგომის უფლება აუკრძალეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას, თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ ტაქსის მძღოლები. მათ მერთან შეხვედრა მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ 75 მძღოლი შემოსავლის გარეშე დარჩა.