კალაძე: არსად მივდივარ, პოლიტიკაში კიდევ დიდი ხანი დარჩენას ვაპირებ

214

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მის წასვლასთან დაკავშირებით მიზანმიმართული ჭორები ვრცელდება და ის არსად წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

“მე არსად წასვლას არ ვაპირებ. მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოაგდოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. არასდროს გავრბივარ შუა საქმიდან. ყოველთვის მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ყოველთვის ვცდილობ, არ დავკმაყოფილდე მიღწეულით”, – ამბობს კალაძე.

რაც შეეხება თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობა, კალაძე აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახა კალაძე ქართულ ოცნებას ტოვებს. ტელეკომპანია ფორმულამ 11 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს, რომელიც 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია.