ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში სოფელ წკერეს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

1195

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე თევდორაძე და ლევან კუპატაშვილი, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, სოფელ წკერეს მოსახლეობას შეხვდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრას, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლები შეინ როზენტალი და კამელ ბუჰმადიც ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე, მშენებლობის ფარგლებში სოფელ წკერეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები განიხილეს. ასევე, ამომწურავი პასუხი გაეცა მოსახლეების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას.

მოსახლეობის მხრიდან იყო თხოვნა, რომ სოფელ ბენიანი-ბეგონსა და წკერეს დამაკავშირებელი ადგილობრივი გზა მოწესრიგდეს და ზამთრის პერიოდში მიმოსვლა მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული, რაზედაც დეპარტამენტის მხრიდან, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარების პირობა მიიღეს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დაწყების წინ, მოხდება აფეთქებების სიმულაცია და ვიბრაციის მკაცრი მონიტორინგი. წინასწარ მოხდება ყველა შენობის დეტალური აღწერა და მარკირება. თუ რაიმე საშიშროება მაინც იარსებებს, მოხდება დროებითი განსახლება, შემდგომ კი ასეთი შენობების გამოსყიდვა ან გამაგრება.

აღსანიშნავია, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის შესახებ, სხვადასხვა ფორმატში, მოსახლეობასთან 50-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება” , – აღნიშნულია ინფორმაციაში.