ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვისა და რემონტისთვის, ასევე სოფელ გორისციხის რიტუალების სახლისა და სოფლების: სნოს და სიონის ამბულატორიების რეაბილიტაციისთვის 298.4 ლარი დახარჯა, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ამის შესახებ საუბარია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.
დოკუმენტის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ივლისში, ელექტრონული ტენდერით შეისყიდა სოფელ ყანობში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, ღირებულებით − 189.7 ათასი ლარი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაოების ვადაში დასრულების მიზნით მიმწოდებელი კომპანია ახლადგალესილი კედლების სათანადოდ გაშრობას არ დაელოდა და შემდეგი სამუშაოები განახორციელა, რის შედეგად პროექტის უხარისხოდ შესრულდა.
აუდიტის დასკვნით, ობიექტის დათვალიერების შემდეგ გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.
“შესწავლით ირკვევა, რომ მიმწოდებელი სამუშაოების ვადაში დასრულების მიზნით არღვევდა მშენებლობის ტექნოლოგიურ ციკლს და ახლად გალესილი კედლების სათანადოდ გამოშრობის გარეშე ახორციელებდა შემდგომ სამუშაოებს. აღნიშნულს ადასტურებს სამუშაოების ზედამხედველი კომპანია „მშენ-ექსპერტის“ მიერ მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენილი წერილი. აუდიტის ჯგუფის მიერ პროექტის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, მოეთხოვა მიმწოდებლისათვის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობის გამოსწორება, რაც არ განუხორციელებია. სამუშაოების არასათანადოდ შესრულების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა მისი ღირებულება,”- წერს აუდიტი.
აუდიტის ანგარიშში წერია, რომ გარდა ამისა, დათვალიერებით გამოვლინდა 108.7 ათასი ლარის ღირებულების ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები.
კერძოდ, დაზიანებულია სოფელ არშის საბავშვო ბაღის, სოფელ გორისციხის რიტუალების სახლისა და სოფლების: სნოს და სიონის ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმწოდებლებთან გაფორმებული ყველა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაოების საგარანტიო ვადას, რომლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების ჩაბარების შემდეგ, ერთ შემთხვევაში მიმართა მიმწოდებელს პროექტზე არსებული დაზიანების გამოსწორების მოთხოვნით, რომელიც მიმწოდებელმა არ გამოასწორა, ხოლო დანარჩენ ობიექტებზე ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით არ მიუმართავს. მერიას მათ მიმართ სხვა სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებია.
“მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა პროცესები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს 298.4 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას,”- წერია აუდიტის დასკვნაში.