ცქიტიშვილი შატილის მოსახლეობას: თქვენ უკეთ იცით, რა სჭირდება სოფელს

939

მცხეთამთიანეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფლის – შატილის, მუცოს და არჭილოს გაერთიანებული კრება ჩატარდა. ამით დასრულდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარების პროცესი მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

სოფლის კრებას საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრნენ.

ვიცეპრემიერმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

“საქართველოში არსებობს სახალხო კრებების მიერ ერთიანი გადაწტვეტილებების მიღების ისტორიული გამოცდილება. სოფლის კრებები ამ ტრადიციის აღსადგენადაც გვინდა გამოვიყენოთ. თქვენ უნდა გვითხრათ რა გსურთ და რას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ თქვენთვის. თქვენ უკეთ იცით, რა უნდა სოფელს, რა საჭიროება აქვს და რისი მოგვარებაა პრიორიტეტული“, – თქვა ვიცეპრემიერმა კრებაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კრებაზე მოსახლეობამ სამივე სოფლის საჭიროებებზე და იმ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელთა მოგვარება ხელს შეუწყობს მთაში ხალხის დაბრუნებას.

სამივე სოფელმა აირჩია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. მათ შორის, გადაწყვიტეს სამივე სოფლისათვის გამოყოფილი თანხების გაერთიანებით ამ სოფლების სარგებლობაში არსებული შიდა გზებისა და მცირე ხიდების რეაბილიტაცია. დაფინანსდება წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებიც. კრებაზე იმსჯელეს სხვა პრობლემების გადაჭრის გზებზეც და გადაწყვიტეს, რომ სხვა ფინანსური წყაროებიდან დაფინანსდება შატილის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაციისა და  მცირე ჰესის აღდგენის სამუშაოები.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა. პროგრამის ფარგლებში, უკვე 1500-მდე სოფლის კრება ჩატარდა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უკვე დაიწყო სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საკრებულოსთვის გადაგზავნის ეტაპი. 1 მარტამდე ქვეყნის ყველა სოფლის კრება ჩატარდება.