ადგილობრივი თვითმმართველობები ეკონომიკის სამინისტროსგან ქონების გადაცემას ითხოვენ

1901

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლაივპრესი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ეკონომიკის სამინისტროსგან ქონების გადაცემას ითხოვენ, – ამის შესახებ მათ ზუგდიდში გამართულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვაზე განაცხადეს.

“ეკონომიკის სამინისტროსთან ყოველთვის იყო პრობლემა ქონების გადმოცემა. რაც გადმოცემულია, ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, მისი რეალიზების, ან პრივატიზების საშუალება ჩვენ არ გვაქვს, სტრატეგიული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, პირდაპირი განკარგვის სიმბოლურ ფასად გადაცემის საშუალება მხოლოდ დედაქალაქს აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობებსაც უნდა ჰქონდეს ეს უფლებები. ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებიც უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში“, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ.

თვითმმართველობების ხელმძღვანელებმა შემოსავლების განკარგვის უფლებებეზეც ისაუბრეს. მარტვილის მერის, ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, მარტვილის კანიონიდან შემოსული თანხა მუნიციპალიტეტს არ ხმარდება, მისივე თქმით, მათ უნდა გადაეცეთ, ასევე,, მუნიციპალიტეტებში არსებული დაყადაღებული უძრავი ქონებაც.

“მეწარმეებს უფრო მეტად უმარტივდებათ ადგილობრივ მერიასთან ურთიერთობა და როდის არის ეკონომიკის სამინისტრო მზად იმისათვის, რომ ჩვენ მათ საკუთრებაში არსებული მიწები გადმოგვცეს?“, – მიმართა აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს.

მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ტყის რესურსებიც უნდა გადაეცეს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, „ფოთი დაჩაგრული ქალაქია“, რადგან ის ქალაქში არსებული ობიექტებიდან, მათ შორის, ფოთის პორტიდან, მინიმალურ შემოსავლებს იღებს.

თვითმმართველობის ექსპერტის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, ქონების გადაცემის გარეშე მუნიციპალტეტებში ეკონომიკური აქტივობა ვერ განხორციელდება.

“ისინი ვერ შეძლებენ, დამოუკიდებლად დააფინანსონ ის სერვისები, რაც მათ უფლებამოსილებაშია და დარჩებიან მუდმივად დაკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე, უნდა მოხდეს ქონების გადაცემა და საშემოსავლო გადასახადის გაყოფა იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია, ამ შემთხვევაში ცენტრალურ ბიუჯეტსაც შეუმუსუბქდება დატვირთვა. გზა ან გარეგანათება თუ გაფუჭდება რომელიმე სოფელში, ამისათვის დღეს ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მივიღოთ ფული, რაც არის არასწორი მოდელი”, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

დღეს ზუგდიდში რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციის სტრატეგია გააცნეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, სტრატეგია გულისხმობს უფლებამოსილებების გადაცემას მუნიციპალიტეტებისთვის, ფისკალურ დეცენტრალიზაციას და მოქალაქეთა მეტ ჩართულობას.