“ეს არის საარჩევნო დივერსია” – ვაზისუბანში საარჩევნო უბანზე შუქი ჩააქრეს

404

ვაზისუბნის ნომერ 62-ე საარჩევნო უბანზე ისევ ხმაურია – ხელისუფლებამ ტრადიციულ ხერხს მიმართა და ელექტროენერგია გათიშა. აღსანიშნავია, რომ ამავე შენობაში მეორე სართულზე ელექტროენერგია ჩართულია, თუმცა უშუალოდ საარჩევნო უბანს დენი არ მიეწოდება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ადგილზე იმყოფება თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი არჩევნებს აგებს და ამის გამო ცდილობს, შედეგები ყველანაირი ხერხით გააყალბოს.

“შუქს აქრობენ. მინდოდა მთელ საქართველოს ეხილა. ყოველგვარი ემოციების გარეშე, ახლა ემოციების დრო არ არის. ყველანი ხალხო, ძალიან მშვიდები ვიყოთ, ჩვენ არ ავყევით ამათ დაპირისპერებსასა და ზიზღის ფრქვევაში და შედეგად მივიღეთ ის, რომ “ქართული ოცნება” დღეს მარცხდება. რა თქმა უნდა, ეს საარჩევნო დივერსიაა. პარალელურად ხდება ვითომ მოძველბიჭო ელემენტების მობილიზაცია, სადაც აქრობენ შუქს.

გაიგეთ კანონიერო ქურდებო, გაიგეთ ვითომ ძველო ბიჭებო და კრიმინალებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში. ამ ქალაქის მომავალი არის მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა, სადაც თქვენ გექნებათ ადგილი, მაგრამ ვეღარ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი დაჩაგროთ. ვეღარ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ იყოთ სუს-ის მიერ მართული, თქვენც გაგათავისუფლებთ ამ ტყვეობიდან.

მე მაქვს უფლება ვიჯდე ოფისში და ვუყურო უბნის გაყალბებას? ახლა “ოცნება” დამარცხებული რომ არ იყოს, მათს ინტერესში შედის შუქის ჩაქრობა?”,- ამბობს ნიკა მელია.

ცნობისთვის, 62-ე უბანზე შუქი ისევ ჩამქრალია. იქ მყოფი პირები ამბობენ, რომ ადგილზე მოკლე ჩართვა მოხდა და ამ მიზეზით გაითიშა შუქი მხოლოდ უბანზე.

მოგვიანებით აღნიშნულ უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას უცნობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.