ე.წ. ელიავას ბაზრობა, შესაძლოა, გადაიტანონ ან მის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდეს

2207

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობა, შესაძლოა, გადაიტანონ ან მის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდეს, მისი თქმით, ადგილზე დღეს არსებული ვითარება კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქის მთავრობისა და ზოგადად, თბილისისთვის. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“ასეთი მდგომარეობა ქალაქის ცენტრში სასურველი არ არის. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ერთი არის ბაზრობის მთლიანად გადატანა და დედაქალაქის მთავრობა მზად არის, შექმნას ყველანაირად მოწესრიგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მეორე მიმართულებაა, თანამედროვე ევროპული ტიპის სავაჭრო ცენტრი აშენდეს, სადაც ამ მიმართულებით ყველანაირი უსაფრთხოება და შესაბამისი ზომა იქნება დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისა და კონცეფციის შემუშავების შემდეგ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდება.

“არ მინდა განცხადებების გაკეთება წინასწარ, ეს არის კერძო საკუთრება. იცით ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით. დედაქალაქის მთავრობა ყოველთვის გამოდის ქალაქის ინტერესებიდან, მაგრამ ამავდროულად, იცავს კერძო საკუთრების უფლებას. ბაზრობის მეპატრონეებთან იყო რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხზე და გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმებების შედეგად მიიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, მან ნახა მეპატრონეების მიერ წარდგენილი პროექტის ე.წ. რენდერები, თუმცა, არ მოეწონა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ, ელიავას ბაზრობის მესაკუთრეების ნაწილმა ტერიტორიის განვითარების ხედვა წარადგინეს. კერძოდ, შპს “სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფმა“ დღეს პრეზენტაციაზე რვა პროექტი წარმოადგინა, რომელიც მულტიფუნქციური ცენტრის აშენებას ითვალისწინებს, სადაც მოქალაქეები საკუთარ საქმიანობას უკეთესს პირობებში გააგრძელებენ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია მერიასთან არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ შეძლებენ თუ არა ისინი აღნიშნული პროექტიდან რომელიმეს განხორციელებას, მას შემდეგ გაირკვევა, რაც თბილისის საკრებულო თბილისის გენერალურ გეგმას დაამტკიცებს.

“დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორი გახლავთ შპს “სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფი“, რომელიც საქმიანობს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე და ფლობს ამ ბაზრობის ტერიტორიის ნახევარს. დღევანდელი კონფერენციის მიზანია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ მესაკუთრეების ხედვა, როგორ წარმოგვიდგენია ამ ბაზრობის ხვალინდელი დღე. სწორედ ჩვენი ორგანიზაცია იყო მერიასთან ინტენსიური მოლაპარაკების ინიციატორი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კონკრეტული შედეგით დასრულდება. ჩვენი შეთავაზებაა თანამედროვე მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც არ დააზარალებს არც აქ დასაქმებულ მოქალაქეებს, ანუ ისინი შეინარჩუნებენ ადგილებს და გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები. ასევე მათ არ გაუძვირდებათ იჯარა“, – აცხადებენ კომპანიაში.