ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას

627

ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე, საინიციატივო ჯგუფმა, თვითმმართველობის არჩევნებზე, ასპინძის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგინა.

ხუთკაციანი ჯგუფის განცხადება, რომელსაც თან ლევან ცაბაძის თანხმობა ერთვის, ასპინძის საარჩევნო ოლქმა უკვე დაარეგისტრირა. ოლქის თავმჯდომარის, როსტომ მაგრაქველიძის განცხადებით, ლევან ცაბაძის საინიციატივო ჯგუფს ყველა შესაბამისი დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა.

ასპინძის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე, ასპინძის მოსახლეობამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებიდან“ აირჩია. რატომ გადაწყვიტა არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდადად მონაწილეობა, ცაბაძე კომენტარს არ აკეთებს. იგი კატეგორიულად უარყოფს რაიმე გეგმას არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არც ის იცის, ვინ შეიტანა საარჩევნო ოლქში განცხადება მის კანდიდატობაზე.

„მე არაფერზე მომიწერია ხელი, არანაირი გეგმები არ მაქვს არჩევნებთან დაკავშირებით და ვერც ვერაფრს გეტყვით“,–განაცხადა ასპინძის გამგებელმა.

„საინიციატივო ჯგუფი კანდიდატის თანხმობის გარეშე განცხადებას ვერ წარადგენს და ეს მითითებულიც არის. შემდეგ დარეგისტრირდება თუ არა, ეს უკვე კანდიდატზეა დამოკიდებული“, – განმარტავს როსტომ მაგრაქველიძე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ განცხადებას შესაძლებელია, კანდიდატის ხელმოწერა არ ჰქონდეს, მისი თანხმობაც საკმარისია. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია, აჩევნებამდე 30 დღით ადრე, თავად კანდიდატიც დარეგისტრირდეს, ცხადია, მას აქვს უარის თქმის უფლებაც.

ჯერ თავად კანდიდატი ცაბაძე დარეგისტრირებული არ არის.

ვიდრე კანდიდატად დარეგისტრირდება, საინიციატივო ჯგუფმა მხარდამჭერების ხელმოწერები უნდა შეაგროვოს, ოლქის ამომრჩეველთა 1%–ის ოდენობით და საოლქო კომისიას წარუდგინოს. ხელმოწერების წარდგენისთვის ვადა 1 სექტემბერს იწურება. ამ დროისათვის კი საარჩევნო ოლქში ლევან ცაბაძის მხარდამჭერების ხელმოწერები არ შესულა. იმ შემთხვევაში თუ ხელმოწერები საოლქო კომისიაში არ შევა, დამოუკიდებელი კანდიდატი, საარჩევნო პროცესს ავტომატურად გამოეთიშება.

როგორც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს „ამ ეტაპზე, ლევან ცაბაზე პარტიის შემადგენლობაშია“. სხვა დეტალებზე „ქართულ ოცნებაში“ არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. ასპინძაში მერობის სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი რომელიმე საინიციატივო ჯგუფს არ წარუდგენია, ანუ, თუ ცაბაძე გადაწყვეტს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას, იგი ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ვადა ამოწურულია და ამ ჯგუფის გარდა ასპინძაში განცხადება მხოლოდ ერთ კგუფს აქვს შეტანილი, – ეს სოფელ ძველის თემის მაჟორიტარად ალბერტ ჯვარიძის საინიციატივო ჯგუფის განცხადებაა.

ისევე, როგორც ცაბაძის საინიციატივო ჯგუფს, სარჩევნო ოლქში ხელმოწერები ჯვარიძის მხარდამჭერებსაც არ წარუდგენიათ. მერობის კანდიდატისაგან განსხვავებით, მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს 50–ზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა ჰყოფნის.