ქვემო ქართლის გუბერნატორი მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესში კომპეტენციის ფარგლებშია ჩართული

715

ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ,,ქართული ოცნებიდან“ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესში, ის კომპეტენციის ფარგლებშია ჩართული. კითხვაზე თუ ვინ იქნებიან კანდიდატები, გრიგოლ ნემსაძე პასუხისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ „ეს თავის დროზე გახდება ცნობილი“.

მისივე თქმით, ის საქმის კურსშია გუშინ, გარდაბნში მერობის კანდიდატად გოჩა ჯამარაულის დასახელების მოთხოვნით გამართული აქციის თაობაზე, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

,,ინფორმირებული ვარ, რომ აქცია გაიმართა, მაგრამ კომენტარისგან თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა პრემიერი ჩემს აზრს კანიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით ისმენს, რაღაც დოზირებით კომპეტენციის ფარგლებში ჩართული ვარ ამ პროცესში“, – განაცხადა  ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

გუშინ გარდაბანში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ,,ქართული ოცნებიდან“ გარდაბნის მერობის კანდიდატად მოქმედი გამგებლის გოჩა ჯამარაულის დასახელებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გარდაბნის მოსახლეობა წინააღმდეგია, რომ ,,ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატად რამაზ ბუდაღაშვილი იქნას წარდგენილი და მოუწოდებენ ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გოჩა ჯამარაული დასახელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გამართავენ და არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი