კახა კალაძე მიესალმება ოპოზიციური პარტიების განცხადებას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების შესახებ და აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში ყველას ერთად დგომა მნიშვნელოვანია

583

წინა სტატია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიესალმება ოპოზიციური პარტიების განცხადებას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების შესახებ და აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა.

„მე მივესალმები ამ განცხადებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ძნელბედობის ჟამს, როდესაც ვხედავთ ყველა, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა. მე ვფიქრობ, დღეს არის ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ მტერს, რომელსაც ვერ ვხედავთ და ჰქვია კორონავირუსი. ასე, რომ მისასალმებელია ეს განცხადება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა თანხების მოძიებისათვის.

„უნდა აღიშნოს, რომ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს უკვე კონკრეული ნაბიჯები აქვს გადადგმული იმისთვის, რომ მოიძიოს თანხები და ამ რთულ პერიოდში მოვახდინოთ ეკონომიკის გაჯანსაღება და ხელი შევუწყოთ ბიზნეს სექტორს და ხელი შევუწყოთ ყველა იმ მმართულებას, რომელსაც ზიანი მიადგა ამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო“, – აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომლის ადრესატებიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA არიან.

პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. აღნიშნულ მიმართვას 23 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.