თელავში მე-20 კადრირებული ბრიგადის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სამხედრო ექიმებმა მორიგეობა დაიწყეს

704

თელავში მდებარე ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საკონტროლო- გამშვებ პუნქტთან სპეციალური კარავი მოეწყო, სადაც სამხედრო ექიმები მორიგეობენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

არსებული ინფორმაციით, მედიკოსები სამხედროებს დღეში სამჯერ თერმოსკრინინგს უტარებენ. გარდა ამისა, ყაზარმებსა და სახმედრო მანქანებს სადენზიფექციო ხსნარებით სისტემატურად ამუშავებენ.

ბოლო ინფორმაციით, სახმედროებს არც მაღალი ტემპერატურა და არც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.