გურჯაანი-თბილისის მიმართულებით ტაქსით მგზავრობა აიკრძალა, დაიხურება საკვირაო ბაზარიც

1182

გურჯაანი-თბილისის მიმართულებით კერძო ტაქსებით მგზავრობა აიკრძალა. დაიხურება საკვირაო ბაზრობებიც. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განმარტებით, შეზღუდვა, ჯერჯერობით, არ ეხება იმ კერძო ტაქსებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საქართველოს მასშტაბით, იკრძალება ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით მგზავრობა.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა  გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.