ოზურგეთის საკრებულო ჩასატარებელი სხდომების ელექტრონულ ფორმატით გამართვას გეგმავს

185

ახალი კორონავირუსიის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ჩასატარებელი სხდომების ელექტრონულ ფორმატით გამართვას გეგმავს და ამისთვის სამართლებრივი საფუძველის შემუშავებაზე მსჯელობს. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს. 

„ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისად,  მზად ვართ აქტიურად გამოვიყენოთ  ელექტრონული მექანიზმები საკრებულოს საქმიანობის წარმართვისთვის,“- ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია აცხადებს.

19 მარტს საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას ინიცირებულ საკითხზე, რეგლამენტში ცვლილებების  შესახებ იმსჯელა, რომელიც სამართლებრივი საფუძველის შექმნას გულისხმობს,  რათა  საკრებულომ შეძლოს საქმიანობა დისტანციურად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

ცვლილების პროექტზე საკრებულო დარგობრივი კომისიის დასკვნის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.  ბიურომ იურდიული კომისიას საკითხის შესწავლა უკვე დაავალა, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში მოხდეს  იმ სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს  საკრებულოს ელექტრონულ ფორმატში მუშაობას საჭიროების შემთხვევაში.

„ეს საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად უსაფრთხო ზომების გათვალისწინებით მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები, რაც საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება.  საკრებულო წლებია აქტიურად იყენებს ციფრულ მექანიზმებს, საქმიანობის გამჭვირვალობის და საჯაროობის მიზნით, შესაბამისად, დღეს, როდესაც  ასეთი მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა, საზოგადოებას აქვს  შესაძლებლობა პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში გვადევნოს თვალი, ჩაერთოს პროცესში სახლიდან გაუსვლელად  და იყოს სრულად ინფორმირებული,“ –  თქვა დავით დარჩიამ.

ოზურგეთის საკრებულოს აპარატში აქტიურად მიმდინარეობს  ახალი ელექტრონული პლატფორმის შემუშავება, რომელიც დისტანციური მუშაობის პირობებში უზრუნველყოფს,  როგორც საკრებულოში ჩასატარებული სხდომების გამართვას, აგრეთვე აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო პროცესს.