მარნეულში 2019 წელს მომხდარი სტიქიისას დაზიანებულ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა

498

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ქალაქში რუსთაველის, ფიროსმანის და ქობულეთის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისათვის ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

პირველი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.  231 100 ლარად მარნეულის მერიამ იმ სამი ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობას გეგმავს, რომელიც 2019 წელს, მარნეულში მომხდარი სტიქიისას დაზიანდა.

„2019 წელს იაღლუჯის ტერიტორიიდან სტიქიის დროს ღვარცოფი როდესაც ჩამოვიდა, დაზიანდა მიმდებარე ქუჩებზე მაცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ტერტორიები, ეზოები , სახლები და ა.შ. აღნიშნულის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტმა მოსახლეობასთან შეთანხმებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მნიშვნელოვნად მიიჩნია ქობულეთის, ფიროსმანისა და რუსთაველის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა,“ – გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მერია დაახლოებით 920 მეტრის სიგრძის სანიაღვრე სისტემას მოაწყობს. აქედან 370 მეტრი სანიაღვრე სისტემა რუსთაველის, 300 მეტრი ქობულეთის, ხოლო 250 მეტრი ფიროსმანის ქუჩაზე მოეწყობა.

მარნეულის მერიამ ტენდერი 11 მარტს  გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 23 მარტამდე შეეძლებათ

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.