ბათუმში დღეიდან მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით შეჩერდება

61

კორონავირუსთან დაკავშირებით 18 მარტიდან ბათუმში, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებით შეჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსები, როგორც შედარებით მცირე სივრცის მქონე ტრანსპორტი, ვირუსის გავრცელებისთვის მომატებული საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიმართა შეხვედრა მიკროავტობუსების კომპანიებთან.

„გარდა ამისა, მუნიციპალურ ავტობუსებში იზღუდება კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ. პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდება. ამასთან, მოქმედებაში იქნება მხოლოდ უკანა კარი.

რაც შეეხება მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს, შეიქმნება პროდუქტების კალათა, რომლის საშუალებითაც, ორშაბათიდან, 8000 აღსაზრდელის ოჯახი შეძლებს მათთვის განკუთვნილი პროდუქტის მიღებას მათივე საბავშვო ბაღებიდან, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებლ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ 18 მარტიდან დაიწყება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების (რეგისტრირებული ამხანაგობების მიხედვით 850-მდე) სადარბაზოების ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები. დეზინფექციის განმეორებით ჩატარების მოთხოვნით მოსახლეობამ ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე უნდა დარეკოს: 577 49 59 59.

“აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში გამოთავისუფლებულია სხვადასხვა ღონისძიებისთვის გათვალისწინებული სახსრები (ჯამში 700 ათასი ლარი), რაც, აჭარის ა. რ. მთავრობასთან კოორდინაციის საფუძველზე, მიმართული იქნება მოსახლეობის საჭიროებებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ქალაქში გადაადგილებას გარდა განსაკუთრებული საჭიროებისა“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.