სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე მოხდება

68

წინა სტატია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, 1 აპრილის შემდეგ გაცდენილი საათები პედაგოგებმა მოსწავლეებს სხვადასხვა სისტემით უნდა აუნაზღაურონ.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, შესაძლებელია სკოლამ გაკვეთილების ასანაზღაურებლად შაბათი და კვირა გამოიყენოს, შეიძლება ეს იყოს ძირითადი გაკვეთილების შემდეგ დამატებითი გაკვეთილები და ასევე, შეიძლება ეს იყოს გაკვეთილზევე გარკვეული თემების გაერთიანება.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრო განსაზღვრავს მეთოდს და უშუალოდ გეგმას, თუ რა ფორმით განახორციელებს სკოლა გაცდენილი საათების ანაზღაურებას, თითოეული სკოლა ინდივიდუალურად ჩამოაყალიბებს.

ამასთან, როგორც უწყებაში ამბობენ, სამინისტრო საჯარო სკოლებს 16 მარტს დაუგზავნის კონკრეტულ რეკომენდაციებს. შესაძლებელია ეს იყოს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე, ვიდეორგოლების (ვიდეო-გიდის) საშუალებითაც.

„ეროვნული სასწავლო გეგმა მოდიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გავავრცელებთ რეკომენდაციებს, უშუალოდ სკოლა კი გადაწყვეტს, ეს რეკომენდაციები როგორ და რა ფორმით გაითვალისწინოს. შაბათ-კვირას ჩაატარებენ დამატებით გაკვეთილებს თუ როგორ, ეს სკოლამ ინდივიდუალურად უნდა მოარგოს თავის საჭიროებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე. 16 მარტს კი პუნქტებად ჩამოწერილი რეკომენდაციები დაეგზავნება სკოლებს, როგორ უნდა მოიქცნენ 1-ელი აპრილის შემდეგ. როგორ შეუძლიათ გააერთიანონ თემები, მოდულები და ა.შ. სამინისტრო აძლევს სკოლას რეკომენდაციას – გადააწყვე სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოასწრო დროში ჩატევა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მე ამისთვის მჭირდება შაბათი და კვირა, არაა პრობლემა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მყავს 4 ბავშვი და არ მჭირდება შაბათ-კვირა და გავუხანგრძლივებ დღეს, აქაც ინდივიდუალურად გადაწყდება. ასევე, თემების გაერთიანებაც შეიძლება განიხილონ. შეიძლება ვიდეო- გიდის საშუალებით იყოს ეს რეკომენდაციები მიწოდებული, შეიძლება წერილობითი. ჯერჯერობით, ეს ეხება პირველი აპრილის შემდგომ პერიოდს. თუ კიდევ გახანგრძლივდა, შემდეგ მოვერგებით სიტუაციას. ჩვენ უბრალოდ მივცემთ რკეომენდაციებს, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ეროვნული სასწავლო გეგმის ისე მოდიფიცირება, რომ მთავარი მიზანი დაძლეული იყოს,“ – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის გამო, იმ შემთხვევაში თუ 1 აპრილს სასწავლო პროცესი აღდგება, გაცდენილი გამოდის 16 სასწავლო დღე.

„არდადეგების პერიოდში კი პედაგოგმა მოსწავლეებს სხვადასხვა რესურსი და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უნდა მიაწოდონ იმისთვის, რომ ეს ორი კვირა ბავშვები არ ისხდნენ სახლში და სახალისო დავალებები ჰქონდეთ. შეიძლება ეს მიეწოდოთ ტელეფონით, მეილით ,“- განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში სწავლის დაწყება პირველ აპრილამდე გადაიდო.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 24-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 46.